შინა მოსამსახურის ვიზა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

პირად ან საშინაო მოსამსახურეებს, რომლებიც დამსაქმებელს შეერთებულ შტატებში მიყვებიან, შეუძლიათ განაცხადი B-1 ვიზაზე შეიტანონ. შინამოსამსახურეების კატეგორია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, მზარეულებს, მსახურთუფროსებს, მძღოლებს, მოახლეებს, ხელზე მოსამსახურეებს, ლაქიებს, ძიძებს, ოჯახში დამხმარე ქალებს, ბავშვის მომვლელებს, მებაღეებს და ანაზღაურებად თანმხლებ პირებს.

თუ ამგვარი დამსაქმებელი უცხოელი დიპლომატი ან ოფიციალური სამთავრობო პირია, თანმხლებმა განაცხადი A-3 ან G-5 ვიზაზე უნდა შეიტანოს, დამსაქმებლის სავიზო სტატუსის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

თუ შინამოსამსახურე ხართ და B-1 ვიზაზე გსურთ განაცხადის შეტანა, უნდა დაადასტუროთ, რომ:

  • თქვენი მოგზაურობის მიზანია შეერთებულ შტატებში ჩასვლა შინამოსამსახურედ სამუშაოდ
  • აშშ-ში დარჩენას გარკვეული, შეზღუდული დროით აპირებთ
  • თქვენი დამსაქმებელი გარკვეულ კვალიფიკაციას აკმაყოფილებს
  • გაგაჩნიათ საზღვარგარეთ სოციალური და ეკონომიკური კავშირების უდაო მტკიცებულებები
  • შეერთებული შტატების გარეთ გაქვთ საცხოვრებელი, აგრეთვე სხვა კავშირები, რომლებიც ხელშეკრულების დასრულების შემდეგ დაბრუნებას გაიძულებთ

არასაიმიგრაციო ვიზის მფლობელის თანხლება

თუ შინამოსამსახურე ხართ და გსურთ დამსაქმებლის თანხლება, რომელიც არ არის აშშ-ის მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი და, რომელიც ცდილობს შეერთებულ შტატებში ჩასვლის უფლება მოიპოვოს ან უკვე იმყოფება იქ B, E, F, H, I, J, L, M, O, P, Q, ან R არასაიმიგრაციო ვიზით, თქვენ უფლება გაქვთ B-1 ვიზაზე შეიტანოთ განაცხადი, იმ პირობით, რომ:

  • პირად ან საშინაო მოსამსახურედ მუშაობის, სულ მცირე, ერთწლიანი გამოცდილება გაქვთ, რასაც დაამოწმებთ წინა დამსაქმებლების განცხადებებით
    • თქვენი დამსაქმებლის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე დაშვების თარიღამდე, მასთან, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდით შეერთებული შტატების გარეთ ან
    • თქვენი დამსაქმებლის-დასაქმებულის ურთიერთობა დამყარდა, უშუალოდ, თქვენი დამსაქმებლის განაცხადის შეტანის წინ და მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ რეგულარულად ქირაობდა (მთელი წლით ან სეზონურად) საშინაო დამხმარე პერსონალს, განაცხადის შეტანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში
  • არ იმუშავებთ სხვაგან და თქვენი დამსაქმებლისგან მიიღებთ ცალკე ოთახს და კვებას, აგრეთვე, უკან დასაბრუნებელი ბილეთის საფასურს, როგორც განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულებით

ამერიკის მოქალაქის თანხლება

თუ შინამოსამსახურე ხართ და გსურთ შეერთებულ შტატებში დამსაქმებლის თანხლება, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, შეგიძლიათ განაცხადი B-1 ვიზაზე შეიტანოთ, თუ თქვენი ამერიკელი დამსაქმებელი შეერთებული შტატების გარეთ ცხოვრობს და მხოლოდ დროებით მიემგზავრება იქ, ასევე, თუ ხშირი საერთაშორისო გადაადგილება უწევს, რაც ორი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება და, დასაქმების პირობებით, შეერთებულ შტატებში ცხოვრებას ოთხ წელზე მეტი ხნით არ აპირებს.

გარდა ამისა:

  • თქვენი დამსაქმებლის-დასაქმებულის ურთიერთობა დამსაქმებლის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაშვებამდე, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში არსებობდა ან თქვენი დამსაქმებელი, საზღვარგარეთ ყოფნისას, რეგულარულად ქირაობს იმავე მოვალეობის შემსრულებელ შინამოსამსახურეს
  • პირად ან საშინაო მოსამსახურედ მუშაობის, სულ მცირე, ერთწლიანი გამოცდილება გაქვთ, რასაც დაამოწმებთ წინა დამსაქმებლების განცხადებებით
  • არ იმუშავებთ სხვაგან და თქვენი დამსაქმებლისგან მიიღებთ ცალკე ოთახს და კვებას, აგრეთვე, უკან დასაბრუნებელი ბილეთის საფასურს, როგორც განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულებით

შენიშვნა: თქვენ არ შეგიძლიათ B-1 ვიზაზე შეიტანოთ განაცხადი, თუ შეერთებული შტატების მოქალაქე მუდმივად იცხოვრებს შეერთებულ შტატებში, თუნდაც მანამდე მასთან საზღვარგარეთ გემუშავათ.

აშშ-ის კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლის თანხლება

აშშ-ის კანონიერ მუდმივ მაცხოვრებლებს (მწვანე ბარათის მფლობელ პირებს) არავითარ შემთხვევაში არ ეძლევათ უფლება შეერთებულ შტატებში ჩამოიყვანონ შინამოსამსახურეები B-1 ვიზით.

სახელშეკრულებო მოთხოვნები B-1 ვიზის მფლობელებისთვის

როგორც შინამოსამსახურემ, B-1 ვიზაზე განაცხადის შეტანისას, უნდა წარადგინოთ შრომითი ხელშეკრულება, ხელმოწერილი როგორც თქვენს, ისე თქვენი დამსაქმებლის მიერ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • აშშ-ში თქვენს მიერ შესასრულებელი მოვალეობების აღწერას
  • კვირაში სამუშაო საათების რაოდენობას
  • წლის განმავლობაში ნებადართული დასვენების დღეების, შვებულების და ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების რაოდენობას
  • კვირაში რეგულარული დასვენების დღ(ეებ)ის რაოდენობას
  • სახელფასო განაკვეთს, რომელიც, სულ მცირე, საათში საყოველთაოდ მიღებული ან, დასაქმების რეგიონის ფედერალური კანონის მიხედვით, მინიმალური ხელფასის (რომელიც მეტია) ტოლი უნდა იყოს. აშშ-ში მინიმალური ხელფასების ნახვა შეგიძლიათ აქ, ხოლო საყოველთაოდ მიღებული ხელფასების ნახვა შეგიძლიათ აქ.
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ გექნებათ ცალკე ოთახი და კვება
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ თქვენი დამსაქმებელი უზრუნველყოფს, რომ არ გახდებით სახელმწიფოს სარჩენი, მასთან მუშაობის პერიოდში
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ თქვენს დამსაქმებელთან მუშაობის პერიოდში, არ დაიწყებთ სხვაგან მუშაობას
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ თქვენი დამსაქმებელი არ დაგიკავებთ პასპორტს
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ ორივე მხარეს ესმის, რომ არ უნდა მოგეთხოვოთ სამუშაო საათების შემდეგ, კომპენსაციის გარეშე დაყოვნება
  • დამადასტურებელი საბუთი, რომ თქვენი დამსაქმებელი გადაიხდის აშშ-ში თქვენი მგზავრობის წინასწარ ხარჯებს, ასევე, შემდგომში, მის ახალ დანიშნულების ადგილამდე, ან საბოლოოდ, დანიშნულების ვადის დასრულებისას, თქვენს ქვეყანამდე მგზავრობის ხარჯებს

A-1, A-2 ან G-1 - G-4 ვიზის მფლობელის თანხლება (A-3ან G-5 ვიზები)

თუ A-1, A-2 ან G-1, G-4-ის საშუალებით, ვიზების მფლობელთა თანმხლები პირი, მოსამსახურე ან პირადი თანაშემწე ხართ, თქვენ განაცხადის შეტანა, შესაბამისად, A-3 ან G-5 ვიზებზე შეგიძლიათ. უნდა აჩვენოთ, რომ გაქვთ უფლება A-3 ან G-5 ვიზებზე შეიტანოთ განაცხადი (მაგ., წინა დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილი, მოცემულ სექტორში მუშაობის გამოცდილების დასაბუთება, და ა.შ.). საკონსულოს ოფიცრებმა უნდა დაადგინონ დამსაქმებლის ოფიციალური სტატუსი და ორივე მხარის სურვილი, დაიწყონ (ან შეინარჩუნონ) დამსაქმებელი-დასაქმებულის ურთიერთობა. გარდა ამისა, დიპლომატთა (A3) და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელთა (G5) შინამოსამსახურეები, ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა დარეგისტრირდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო მისიათა მართვის საინფორმაციო სისტემის ოფისში (TOMIS). TOMIS-ში რეგისტრაციის დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო მისიათა ოფისს.

A-3 და G-5 ვიზებზე განმცხადებლებს საკონსულოს ოფიცერი უნდა გაესაუბროს. მათ უნდა გაიარონ განაცხადის ჩვეულებრივი პროცედურები, ერთი გამონაკლისით: A-3 და G-5 ვიზებზე განმცხადებლები არ იხდიან სავიზო მოსაკრებელს.

საკონსულოს ოფიცერი უნდა დარწმუნდეს, რომ A-3 ან G-5 ვიზაზე განმცხადებლის ხელფასი მისაღებია, დასაქმების მოცემულ რეგიონში არსებული ხელფასების გათვალისწინებით და საკმარისია თავის სარჩენად, სახელმწიფო დახმარების გარეშე. ამგვარ ვიზებზე განაცხადები უნდა შეიცავდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ ხელმოწერილ შრომით ხელშეკრულებას.

სახელშეკრულებო მოთხოვნები A-3/G-5 ვიზების მფლობელებისთვის

როგორც შინამოსამსახურემ, A-3 ან G-5 ვიზაზე განაცხადის შეტანისას, უნდა წარადგინოთ შრომითი ხელშეკრულება, ხელმოწერილი როგორც თქვენს, ისე თქვენი დამსაქმებლის მიერ, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • გარანტიას, რომ თქვენი შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ან ფედერალური მინიმუმით ან საყოველთაოდ მიღებული ხელფასით, რომელიც მეტი იქნება. აშშ-ში მინიმალური ხელფასების ნახვა შეგიძლიათ აქ, ხოლო საყოველთაოდ მიღებული ხელფასების ნახვა შეგიძლიათ აქ.
  • განცხადებას, რომ მუშაობის პირველი 90 დღის შემდეგ, ყველა სახელფასო გადახდა ჩეკით ან თქვენს საბანკო ანგარიშზე ელექტრონული გადარიცხვით უნდა მოხდეს. თქვენს საბანკო ანგარიშზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს არც დამსაქმებელს და არც მისი ოჯახის წევრებს.
  • თუ დამსაქმებელი უცხოელი დიპლომატია, მის სახლში მცხოვრები მოსამსახურეები, გავრცელებული პრაქტიკით, ხელფასის გარდა, უზრუნველყოფილნი არიან ცალკე ოთახით და კვებით.
  • თქვენი პირობა, რომ თქვენს დამსაქმებელთან მუშაობის პერიოდში, არ დაიწყებთ სხვაგან მუშაობას.
  • თქვენი დამსაქმებლის პირობა, რომ არ დაგიკავებთ პასპორტს და განცხადება, რომელიც მიუთითებს, რომ ორივე მხარეს ესმის, რომ არ უნდა მოგეთხოვოთ სამუშაო საათების შემდეგ, კომპენსაციის გარეშე დაყოვნება.
  • ხელშეკრულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს საზღვრებს, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ პირადად შეეცადოთ დასაქმებას ან ადამიანის უფლებების დაცვას. დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს აშშ-ში თქვენი მგზავრობის წინასწარი ხარჯები, ასევე, შემდგომში, მის ახალ დანიშნულების ადგილამდე, ან საბოლოოდ, დანიშნულების ვადის დასრულებისას, თქვენს ქვეყანამდე მგზავრობის ხარჯები.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

B-1, A-3 ან G-5 ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • მხოლოდ B-1 განმცხადებლებისთვის: ქვითარი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვის არაანაზღაურებადი მოსაკრებლის, 160 აშშ დოლარის, გადახდას ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • თქვენი დამსაქმებლის ვიზის ან შეერთებულ შტატებში ჩასვლისთვის გამოყენებული სხვა დოკუმენტის (მისი უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნის პასპორტი ან აშშ-ის პასპორტი) ასლი.
  • თქვენს და თქვენი დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს შეესაბამება.
  • მხოლოდ A-3 და G-5 განმცხადებლებისთვის: ვერბალური ნოტა, რომელიც ადასტურებს ძირითადი მფლობელის შრომით სტატუსს, გამგზავრების თარიღს, მოგზაურობის მიზანს და შეერთებულ შტატებში ყოფნის ხანგრძლიობას. ვერბალურ ნოტაში აღნიშნული უნდა იყოს დასაქმებულის სახელი და დამსაქმებლის ტიტული ან ოფიციალური სტატუსი. აგრეთვე, მითითებული უნდა იყოს გამგზავრების თარიღი, მოგზაურობის მიზანი და შეერთებულ შტატებში ყოფნის ხანგრძლიობა. A-3 და G-5 განმცხადებლებს არ მოეთხოვებათ სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების. საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ. ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • თქვენი დამსაქმებლის მიერ დაპირებული ხელფასის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი საბუთი. შენიშვნა: თუ განაცხადი A-3 ან G-5 ვიზაზე შეგაქვთ, აღნიშნული მოქმედებს, თუ დამსაქმებელს მრჩევლის ან უფრო დაბალი დიპლომატიური რანგი აქვს.
  • იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ შეერთებულ შტატებში დროებით მიემგზავრებით.
  • მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.

დამატებითი ინფორმაცია

A-3, B-1, და G-5 ვიზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.