ტრანზიტული/ გემის ეკიპაჟის ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ტრანზიტული (C ვიზა)

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სხვა ქვეყნის მიმართულებით მგზავრობისას, შეერთებულ შტატებს გაივლის უშუალო და უწყვეტი ტრანზიტით, სჭირდება მოქმედი ტრანზიტული ვიზა. ამ მოთხოვნიდან გამონაკლისს შეადგენენ ის მოგზაურები, რომელთაც ვიზის გარეშე აქვთ აშშ-ის ტრანზიტით გავლის უფლება, უვიზო პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, მოგზაურები იმ ქვეყნებიდან, რომელთა აშშ-თან შეთანხმება მათ მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობის უფლებას აძლევს.

თუ გაჩერებისას მოგზაურს სურს სხვა პრივილეგიები გარდა შეერთებული შტატების გავლით ტრანზიტისა, მაგალითად, მეგობრების ან ღირსშესანიშნაობების მონახულება, მან უნდა მოიპოვო აღნიშნული მიზნის შესაბამისი ვიზა, როგორიცაა B-2 ვიზა.

ეკიპაჟის (D ვიზა)

შეერთებულ შტატებში საზღვაო ხომალდის ან საფრენი აპარატის ბორტზე მომსახურე ეკიპაჟის წევრს სჭირდება ეკიპაჟის ვიზა. საფრენი აპარატის ან გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ან მის წყლებში ტრანზიტი უწევთ, ჩვეულებრივ, იყენებენ კომბინირებულ ტრანზიტულ/ეკიპაჟის ვიზას (C-1/D). თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება მხოლოდ D ვიზა დასჭირდეთ.

ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც გემის ბორტზე მუშაობენ კონტინენტური შელფის გარეთ, ეკიპაჟის ვიზის ნაცვლად, შეიძლება მიენიჭოთ მოდიფიცირებული B-1 ვიზა.

ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ფრენებს ან კრუიზებს შორის შესვენებების დროს ჩავლენ, აღნიშნულ პირად/დასვენების დღეებში გამოყენებისთვის, აგრეთვე, B-1/B-2 ვიზა უნდა მოიპოვონ. განმცხადებლები, რომლებსაც ერთდროულად C-1/D და B-1/B-2 ვიზებზე შეაქვთ განაცხადი, მხოლოდ ერთ სავიზო მოსაკრებელს იხდიან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ტრანზიტულ ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა აჩვენოთ:

  • შეერთებული შტატების გავლით უშუალო და უწყვეტი ტრანზიტის განზრახვა.
  • სატრანსპორტო ორგანიზაციის ბილეთი ან თქვენს დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების ორგანიზების სხვა საბუთი.
  • თქვენი ტრანზიტული მოგზაურობის განხორციელებისთვის საკმარისი ფულადი სახსრები.
  • შეერთებული შტატებიდან გამგზავრების შემდეგ სხვა ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

C, D ან C-1/D ვიზებზე განაცხადის შეტანისას, საკონსულოს ოფიცერს უნდა დაუმტკიცოთ, რომ:

  • თქვენი მოგზაურობის მიზანია შეერთებულ შტატებში მხოლოდ ტრანზიტით ან ეკიპაჟის მიზნებით ჩასვლა.
  • არ გაქვთ განზრახვა, რომ შეერთებულ შტატებში ყოფნისას აშშ-ის წყარომ გადაგიხადოთ რაიმე თანხა, თუ დროებითი სამუშაო ვიზისთვის შესაბამისი ნებართვა არ მიიღეთ.
  • დარჩენას გარკვეული, შეზღუდული დროით აპირებთ.
  • გაგაჩნიათ დასაბუთება ფულადი სახსრების ფლობის შესახებ, რითაც დაფარავთ თქვენს ხარჯებს შეერთებულ შტატებში ყოფნის განმავლობაში.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

ტრანზიტული ან ეკიპაჟის წევრის ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვის არაანაზღაურებადი მოსაკრებლის, 160 აშშ დოლარის, გადახდას ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • საჭიროების შემთხვევაში, მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედება თქვენი სამუშაო ხელშეკრულების ვადას სცილდება, აგრეთვე, ყველა წინა მეზღვაურის წიგნაკი. ეკიპაჟის წევრებმა, თუ არ შეუძლიათ წიგნაკის წარდგენა, უნდა წარადგინონ ოფიციალური ცნობა დაკარგვის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ერთი ახალი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება. თუმცა დამხმარე დოკუმენტაცია გეხმარებათ გასაუბრების დროს, ვიზის მიღებაზე თქვენი უფლების განსაზღვრისას, საკონსულოს ოფიცრები, პირველ რიგში, თავად გასაუბრებას ეყრდნობიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დამხმარე დოკუმენტაცია ნებაყოფლობითია და მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • შემოსავლის, გადასახადების გადახდის, ქონების ან ფირმის ფლობის ან აქტივის მიმდინარე დამადასტურებელი საბუთები.
  • წერილი თქვენი დამსაქმებლისგან, რომელშიც აღწერილია თქვენი თანამდებობა, ხელფასი, სამუშაო სტაჟი, ნებისმიერი ნებადართული შვებულება და, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, აშშ-ში მოგზაურობის საქმიანი მიზანი..
  • თქვენი მგზავრობის მარშრუტი და/ან დაგეგმილი მოგზაურობის სხვა დახასიათება, საჭიროების მიხედვით. (შეიძლება სავარაუდო იყოს).
  • საბანკო დანაზოგების ანგარიშის წიგნები ან ლიკვიდური აქტივების სხვა საბუთები, რომელიც თქვენი ანგარიშების ბალანსს და ანგარიშის ოპერაციებს ასახავს.
  • უძრავი ქონების იჯარის ან საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტი.
  • ეკიპაჟის წევრებისთვის: წერილი თქვენი კომპანიის შტაბ-ბინიდან და/ან თქვენი მეზღვაურის წიგნაკი.

დამატებითი ინფორმაცია

მეტი ინფორმაციისთვის ტრანზიტული ვიზების და ეკიპაჟის წევრების ვიზების შესახებ, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.