ვიზის კატეგორიები

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ უნდა მიიღოს არასაიმიგრაციო ვიზა - დროებით საცხოვრებლად ან საიმიგრაციო ვიზა - მუდმივად საცხოვრებლად. უვიზო პროგრამის. მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშეც შეუძლიათ ჩასვლა. ყველა მოგზაურმა, რომელიც აშშ-ში უვიზო პროგრამით აპირებს ჩასვლას, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა მიიღოს ნებართვა მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) საშუალებით.

თუ არ გაქვთ უვიზო პროგრამაში მონაწილეობის უფლება ან მიემგზავრებით სასწავლებლად, სამუშაოდ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ან რაიმე სხვა მიზნით, რომელიც B ვიზის სამოგზაურო მიზნებში არ შედის, თქვენ დაგჭირდებათ არასაიმიგრაციო ვიზა.

ვიზა არ იძლევა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის გარანტიას. ვიზა მხოლოდ მიუთითებს, რომ აშშ-ის საკონსულოს ოფიცერმა მისაღებად მიიჩნია, განაცხადი შეიტანოთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კონკრეტული მიზნით შესვლაზე.

არასაიმიგრაციო ვიზები

არასაიმიგრაციო ვიზებს იყენებენ ტურისტები, საქმიანი პირები, სტუდენტები ან სპეციალობით მომუშავეები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული დროის განმავლობაში, კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად სურთ დარჩენა. აშშ-ის სავიზო კანონების და ნორმების თანახმად, არასაიმიგრაციო ვიზაზე განმცხადებელთა უმრავლესობამ უნდა დაარწმუნოს საკონსულოს ოფიცერი, რომ მათ საკუთარ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები გააჩნიათ და რომ დროებით დარჩენის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამომგზავრებას აპირებენ.