სტუდენტური ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში სასწავლებლად ჩამოდიან. ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, ყველა განმცხადებელ სტუდენტს მოეთხოვება მიღებული და დამტკიცებული იყოს სასწავლებელში ან პროგრამაში. ჩარიცხვის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებები თითოეულ განმცხადებელს სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის შეტანისას წარსადგენი დოკუმენტაციით უზრუნველყოფენ.

ვიზების დახასიათება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

F-1 ვიზა
ეს არის ყველაზე გავრცელებული სტუდენტური ვიზა. თუ გსურთ სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების აკრედიტებულ სასწავლებელში, როგორიცაა აშშ-ის აკრედიტებული კოლეჯი ან უნივერსიტეტი, კერძო საშუალო სკოლა ან ინგლისური ენის დამტკიცებული პროგრამა, თქვენ F-1 ვიზა გჭირდებათ. F-1 გჭირდებათ, აგრეთვე, თუ თქვენი სასწავლო კურსი კვირაში 18 საათს აჭარბებს.

M-1 ვიზა
თუ აშშ-ის დაწესებულებაში არააკადემიურ ან პროფესიულ სწავლას ან წვრთნას გეგმავთ, მაშინ M-1 ვიზა გჭირდებათ.

მეტი ინფორმაცია თითოეული ამ ვიზის და ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის შესაძლებლობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აშშ-ის განათლების ვებსაიტზე.

აშშ-ის საჯარო სკოლები

აშშ-ის საჯარო სკოლები
აშშ-ის კანონები არ აძლევს უცხოელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საჯარო დაწყებით სკოლაში სწავლის (საბავშვო ბაღიდან მე-8 კლასამდე) ან მოზრდილთა საჯარო დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის უფლებას. აქედან გამომდინარე, ასეთ სკოლებში სწავლისთვის F-1 ვიზები არ გაიცემა.

F-1 ვიზა შესაძლებელია გაიცეს საჯარო საშუალო სკოლაში (9-12 კლასები) სწავლისთვის, მაგრამ სწავლის ხანგრძლიობა, მაქსიმუმ, 12 თვით შემოიფარგლება. სკოლამ, აგრეთვე, ფორმა I-20-ში უნდა აღნიშნოს, რომ მოსწავლემ გადაიხადა სწავლის არასუბსიდირებული საფასური და მიუთითოს მოსწავლის მიერ ამ მიზნით შეტანილი თანხის ოდენობა.

F-1 ვიზაზე კანონის მოთხოვნების თაობაზე მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.

შენიშვნა: HA, E, F-2, G, H-4, J-2, L-2, M-2 ან სხვა დერივაციული არასაიმიგრაციო ვიზების მფლობელებს შეუძლიათ საჯარო დაწყებით და საშუალო სკოლებში სწავლა.

სტუდენტთა დახმარება აშშ-ის სასწავლებლის მოძებნაში
სტუდენტები, რომლებსაც ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურთ, უნდა დაეკონტაქტონ და ეწვიონ შემდეგ ვებგვერდს: http://studyinthestates.dhs.gov/ .

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

F ან M ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს გადახდას, თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის არაანაზღაურებად მოსაკრებლს, გადახდილია ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • დამტკიცებული ფორმა I-20, თქვენი აშშ-ის სასწავლებლიდან ან პროგრამიდან.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

  • თქვენი პასპორტის ნომერი
  • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი. (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
  • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მჭიდრო ფინანსურ, სოციალურ და ოჯახურ კავშირებს თქვენს ქვეყანასთან, რაც აშშ-ში სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებას გაიძულებთ.
  • თქვენი განაცხადის მხარდამჭერი ფინანსური და სხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც სარწმუნო საბუთს წარმოადგენენ, რომ სწავლის პირველი წლის განმავლობაში ყველა ხარჯის გასაწევად საკმარისი, გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები გაგაჩნიათ, ასევე, ხელი მიგიწვდებათ შეერთებულ შტატებში თქვენი ყოფნის განმავლობაში ყველა ხარჯის დასაფარად საკმარის ფულად სახსრებზე. M-1 განმცხადებლებმა უნდა დაასაბუთონ, რომ ქვეყანაში ყოფნის მთელი მათ მიერ განზრახული პერიოდის განმავლობაში, სწავლის და საცხოვრებელი ყველა ხარჯის გადახდის უნარი შესწევთ.
  • საბანკო ანგარიშის ბალანსის ფოტოასლები არ მიიღება, თუ მათთან ერთად საბანკო ანგარიშის ბალანსის ან საბანკო წიგნაკის ორიგინალებს არ წარმოადგენთ.
  • თუ დაფინანსებას სხვა პირისგან იღებთ, წარმოადგინეთ სპონსორთან ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად, დაბადების მოწმობა), სპონსორის უახლესი საგადასახადო ფორმების ორიგინალები და სპონსორის საბანკო წიგნაკები და/ან ვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატები.
  • აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი დოკუმენტები. მათ შორის, ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (სასურველია, ორიგინალი) შეფასებებით, საჯარო გამოცდების სერტიფიკატები (A-დონე და ა.შ.), სტანდარტული ტესტების ქულები (SAT, TOEFL და. ა.შ.) და დიპლომები.

სავიზო გასაუბრებაზე წარსადგენი დამხმარე საბუთების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდს:
http://georgia.usembassy.gov/student-visas.html

მატერიალურად დამოკიდებული პირები

მეუღლეს და/ან 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ შვილებს, რომელთაც ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად, სრული პერიოდის მანძილზე სურთ შეერთებულ შტატებში გამგზავრება, სჭირდებათ დერივაციული F ან M ვიზები. F ან M ვიზების მფლობელთა მშობლებისთვის დერივაციული ვიზები არ არსებობს.

ოჯახის წევრებს, რომელთაც არა აქვთ შეერთებულ შტატებში, ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად ცხოვრების განზრახვა, არამედ მხოლოდ მათი არდადეგებზე მონახულება სურთ, შეუძლიათ სტუმრის (B-2) ვიზაზე შეიტანონ განაცხადი.

მეუღლეებს და მატერიალურად დამოკიდებულ პირებს, მეორადი F ან M ვიზებით არა აქვთ შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება. თუ თქვენი მეუღლე/შვილი სამსახურს ეძებს, მეუღლემ უნდა მოიპოვოს შესაბამისი სამუშაო ვიზა.

დამხმარე დოკუმენტაცია ვიზის ძირითად მფლობელზე მატერიალურად დამოკიდებული პირებისთვის

განმცხადებელმა, რომელსაც მატერიალურად დამოკიდებული პირები ახლავს თან, აგრეთვე, უნდა წარმოადგინოს:

 

  • სტუდენტის ნათესაობის დამადასტურებელი საბუთი მის მეუღლესთან და/ან შვილთან (მაგ., ქორწინების და დაბადების მოწმობები)
  • უმჯობესია, ოჯახის წევრებმა თავიანთ ვიზაზე განაცხადი ერთდროულად შეიტანონ, მაგრამ თუ მეუღლეს და/ან შვილს ცალკე, მოგვიანებით უწევს განაცხადის შეტანა, მათ, სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, უნდა მოიტანონ სტუდენტური ვიზის მფლობელის პასპორტის და ვიზის ასლი.

სხვა ინფორმაცია

ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლება (OPT)
F-1 ვიზის მფლობელებს უფლება აქვთ 12 თვემდე ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლება გაიარონ, კურსის დამთავრებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ (აქ არ იგულისხმება დისერტაცია ან მისი ეკვივალენტი) ან ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლება სტუდენტის აკადემიურ შრომაში არ შედის და მასზე დახარჯული დრო, ჩვეულებრივ, სტუდენტის აკადემიურ პროგრამაზე ან სწავლის დასრულების თარიღზე არ აისახება. F ვიზაზე განმცხადებელმა სტუდენტებმა, ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლების გასავლელად, უნდა წარმოადგინონ I-20, სწავლის დასრულების საწყისი, შესაძლებელია, უკვე გასული, თარიღით. თუმცა, აღნიშნული I-20 ანოტირებული უნდა იყოს სასწავლებლის შესაბამისი ოფიციალური პირის მიერ, ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლების პროგრამის დადასტურებით, რომელიც რეგულარული სასწავლო პერიოდის დასრულების შემდეგ გრძელდება. გარდა ამისა, სტუდენტს უნდა გააჩნდეს საბუთი, რომ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) მოიწონა მისი პრაქტიკული სწავლების პროგრამა ან, რომ განაცხადი განხილვის პროცესშია, რასაც დაადასტურებს მუშაობის ნებართვის დამტკიცებული ბარათის ან ფორმა I-797-ის სახით, იმ მითითებით, რომ სტუდენტი ელოდება პასუხს ნებაყოფლობითი პრაქტიკული სწავლების პროგრამის განაცხადზე.

სტუდენტური ვიზების მოქმედება სწავლის შეწყვეტის შემდეგ
სტუდენტები, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილებს ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, განაცხადი უნდა შეიტანონ და მიიღონ ახალი F-1 ან M-1 სტუდენტური ვიზა, რათა საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ დაბრუნდნენ სასწავლებელში, როგორც ქვემოთ არის განმარტებული.

აშშ-ში მყოფი სტუდენტები
სტუდენტმა (F-1 ან M-1), საიმიგრაციო კანონის საფუძველზე, შესაძლებელია დაკარგოს აღნიშნული სტატუსი, თუ სწავლას არ განაახლებს სასწავლებელში ან პროგრამაში გადასვლის თარიღიდან ხუთი თვის განმავლობაში. სტუდენტის მიერ სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში, თუ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური (USCIS) არ აღუდგენს ამ სტატუსს, F ან M ვიზაც დაკარგავს ძალას მომავალში აშშ-ში დაბრუნებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის ვებსაიტი, ხოლო სტატუსის აღდგენის მოთხოვნისთვის, არასაიმიგრაციო სტატუსის გაგრძელების/შეცვლის თაობაზე განაცხადის ფორმა I-539-ის ინსტრუქციები.

სტუდენტები, რომლებიც აშშ-ში საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებიან
სტუდენტებმა, რომლებმაც დატოვეს აშშ და სწავლა ხუთი თვით ან მეტი ხნით შეწყვიტეს, შეიძლება დაკარგონ F-1 ან M-1 სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საზღვარგარეთ მათი საქმიანობა სასწავლო კურსს უკავშირდება. ეჭვის შემთხვევაში, გამგზავრებამდე სტუდენტებს შეუძლიათ სასწავლებლის შესაბამის ოფიციალურ პირთან გაარკვიონ, უკავშირდება თუ არა მათი საქმიანობა სასწავლო კურსს.

როდესაც დაბრუნებისას სტუდენტი, რომელიც აშშ-ის გარეთ იმყოფებოდა და სტუდენტის სტატუსი ჩამორთმეული აქვს ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, გამშვებ პუნქტზე, საბაჟოს და საზღვრის დაცვის (CBP) საიმიგრაციო ინსპექტორს წარუდგენს ადრე გამოყენებულ, ვადაგაუსვლელ F-1 ან M-1 ვიზას, საბაჟოს და საზღვრის დაცვის საიმიგრაციო ინსპექტორმა შეიძლება არ შეუშვას სტუდენტი, ძალაში მყოფი არასაიმიგრაციო ვიზის უქონლობის გამო. საბაჟოს და საზღვრის დაცვის საიმიგრაციო ინსპექტორმა, აგრეთვე, შესაძლებელია, გააუქმოს ვიზა, მას შემდეგ, რაც სტუდენტს შეშვებაზე განაცხადის გატანის ნებას დართავს. აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება, თუ სტუდენტები, ხუთ თვეზე ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, რაც მათ სასწავლო კურსს არ უკავშირდებოდა, ვიდრე აშშ-ში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრებიან, საელჩოში ახალ ვიზაზე შეიტანენ განაცხადს.